რიხარდ შტრაუსი —
გერმანელი კომპოზიტორი,
დირიჟორი,
პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი,
რიხარდ ვაგნერისა და
ფრანც ლისტის მემკვიდრე.
გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული. შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის
კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და
ოპერებით მიაღწია. შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და
მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი
ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. 1919–1924 წლებში იყო
ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს
ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში. 1933 წელს შტრაუსი
ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი
არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი),
ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (
დებიუსის,
მალერის,
მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (
გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი
შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც
II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.

ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.
ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1970) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.
ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.
2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.